კლოდ ოსკარ მონე დაიბადა პარიზში. მამამისს სავაჭრო ფარდული ჰქონდა ჰავრში, და მხატვარმა ბავშვობის წლებიც იქ გაატარა. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მონე ხატვით იყო გატაცებული და ძირითადად აკეთებდა მეგობრებისა და მასწავლებლების კარიკატურებს. შემდგომ ეს კარიკატურები მამამისის ფარდულში იყიდებოდა. იქვე გაიცნო მონემ თავისი პირველი წამქეზებელი დამხმარე მხატვარი ბუდენი. ბუდენი ასწავლიდა მას პლენერზე მუშაობას და აკადემიური პირობითობის უკუგდებას, აჩვევდა პირველი შთაბეჭდილების დამახსოვრებას და გადმოცემას ტილოზე, სინათლის შესწავლას. მისი რჩევით, 1857 წელს მონე პარიზში გაემგზავრა. ჰავრის მუნიციპალიტეტმა უარი თქვა მისთვის სწავლაში დახმარებაზე. ასევე არ ჰქონდა მშობლების დახმარების იმედიც. ამიტომ თავად დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება. ახალგაზრდა მხატვარს ჰქონდა სარეკომენდაციო წერილი და საარსებო წყაროს მინიმუმი, რომელიც კარიკატურების ხატვას მოჰქონდა მისთვის. მონეს იტაცებდა პარიზის მხატვრული ცხოვრება, ხშირად დადიოდა გამოფენებზე და განსაკუთრებით მოხიბლული იყო ბარბიზონეთა ნამუშევრებით, კამილ კორონი - მისი ცოცხალი ბუნების რეალისტური გამოსახვით. მონე ხშირად სტუმრობდა „ტანჯულთა დუქანს", სადაც გაცხოველებით კამათობდნენ ხელოვნებაზე და გამოთქვამდნენ თამამ და საინტერესო აზრებს. მონე ბევრს ხატავდა ნატურიდან - აქვე გაიცნო კამილ პისარო. ამ დროიდან მონეს ირგვლივ არიან ახალგაზრდა პროზაიკოსი მხატვრები. 1860 წლის პარიზში დაწყებული მუშაობა მიატოვა საბრძოლო სამსახურის გამო. მსახურობდა ალჟირში - აფრიკულ პოლკში. 1862 წელს მონე ავად გახდა და ჰავრში დაბრუნდა მშობლებთან. ნახევარი წელი მკურნალობდა და ამავდროულად მუშაობდა ფერწერაში იგი გააცნეს მხატვარ იონკინდს, რომელიც სწრაფ პეიზაჟებს ქმნიდა - პირველი შთაბეჭდილების მიხედვით. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა მონეზე - მოძრაობის შეგრძნებით, განსაკუთრებული რიტმით და ემოციურობით. ბოლოს მონე ისევ პარიზში მიემგზავრება, სადაც გლეირის სახელოსნოში შევიდა. შიშველი ფიგურის პირველივე ეტიუდებიდან გამოამჟღავნდა, რომ პედაგოგის და შეგირდის შემოქმედებაში დიდი სხვადასხვაობა იყო. გლეირი მოითხოვდა იდეალიზაციას, „არასრულყოფილი" ნატურის შელამაზებას და ანტიკური ნიმუშების წაბაძულობას, მონე კი პირიქით ცდილობდა ზუსტად, მთელი სახასიათო თავისებურებებით გადმოეცა ცოცხალი მოდელი. მონემ გლეირის სტუდიაში გაიცნო რენუარი და სისლეი. მათ კრიტიკული შეხედულებები ჰქონდათ გლეირის სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით. 1864 წელს მონემ მეგობრები წაიყვანა ბარბიზონთან ახლოს მდებარე სოფელ შაიოში, მხატვრები იქ პლენერზე მუშაობდნენ. აქ მონემ ორი პეიზაჟი შეასრულა. ამ ნამუშევრებმა მას პირველი წარმატება მოუტანა. ბედნიერი და კმაყოფილი მხატვარი ასრულებს დიდ სურათს „საუზმე მდელოზე".
კომპოზიციაში უბრალოდ არის განლაგებული ადამიანთა ჯგუფი პეიზაჟის ფონზე მზის სხივებით განათებულ გარემოში - ხის ჩრდილის ქვეშ. გამჭვირვალე ჩრდილები, ფერთა რეფლექსები სახეებზე და კაბებზე, მოძრაობათა გადაწყვეტა - ეს ყველაფერი მეტყველებს გამოსახვის ახლებურ გადაწყვეტაზე, ძიებაზე და მხატვრის დამოუკიდებელ მიმართულებაზე.
1866 წელს სალონში მონემ წარადგინა მეორე სურათი, რომელიც ძალზე სწრაფად შექმნა. ეს იყო მისი მომავალი მეუღლის კამილას პორტრეტი. სურათმა სკანდალური შეფასება დაიმსახურა. მასზე ლაპარაკობდნენ, აკრიტიკებდნენ.
მონეს იტაცებდა ფერის და სინათლის პრობლემა და დაუზოგავად მუშაობდა პლენერზე. ზოგჯერ ერთსადაიმავე ობიექტს გამოსახავდა სხვადასხვა განათების დროს. მაგალითად: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, ქმნიდა პეიზაჟებს, პარიზის ხედებს. მონე დიდ იმედებს ამყარებდა სურათზე „ქალბატონები ბაღში", მაგრამ 1867 წელს სალონის ჟიურიმ ეს სურათი უარყოფითად შეაფასა, მონეს მდგომარე-ობა კრიტიკული იყო. მას არ შეეძლო კრედიტორებისათვის ფულის გადახდა. იძულებული იყო ძველი სურათები გადაეფხიკა და ზედ გადაეხატა. მშობლები დათანხმდნენ, რომ ნათესავთან გაეშვათ სენტ-ადრესში, მაგრამ მოითხოვდნენ, რომ კამილას დაშორებოდა.
მონეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, გაემგზავრა და დროებით მიატოვა მეუღლე, რომელსაც მალე ბავშვი უნდა შესძენოდა. ყოველგვარი სახსრების გარეშე მონე მუშაობდა ზღვის პეიზაჟებზე, შემდეგ კი დაბრუნდა პარიზში. სადაც მთელი ზამთარი იტანჯებოდა გაყინულ სახლში, უფულოდ. საბოლოოდ იგი ქუჩაში გამოაგდეს და ოჯახთან ერთად სოფელში გადაბარგდა. მხატვარი სასოწარკვეთილე-ბიდან თვითმკვლელობამდე მიდიოდა, მხოლოდ ერთმა მფარველმა აღმოუჩინა დახმარება და ოჯახით მიიღო ჰავრში.
1869 წელს მონე ხშირად სტუმრობდა კაფე „გერბუას" სადაც იკრიბებოდნენ ახალი ხელოვნების წარმომადგენლები, რომელთა სათავეშიც ედუარდ მანე იდგა. მონე იშვიათად მონაწილეობდა კამათში, რადგან საკმარისად ძლიერად არ მიაჩნდა საკუთარი თავი თეორიულ საკითხებში. მხოლოდ მისი ავტორიტეტი და გავლენა იყო დიდი. მეგობრები მასში ხედავდნენ ხელოვნებისათვის თავდადებულ ადამიანს და თავისი იდეალების ერთგულ ფერმწერად მიაჩნდათ. სწორედ კომპრომისზე წაუსვლელობა იყო მისი ახალ-ახალი გაჭირვების სათავე. მონეს არაერთხელ უხდებოდა მუშაობის შეწყვეტა, რადგან საღებავის ფული არ ჰქონდა. 1869-70 წლებში სალონის ჟიური შეუბრალებლად უარყოფდა მის ნამუშევრებს. პრუსიის ომის დროს მხატვართა უმრავლესობამ პარიზი მიატოვა. 1870 წლის შემოდგომაზე მონე გაემგზავრა ლონდონში. იქ ხატავდა მდინარე ტემზას, სანაპიროებს, პარკებს. დიდ ყურადღებას უთმობდა წყლის გამოსახულებას, ცდილობდა დაეჭირა და გამოესახა ტალღების მოძრაობა, ცვალებადი განათება, წყალში არეკლილი სინათლე და ფერწერული რეფლექსები. 1871 წლის ბოლოს იგი ჰოლანდიაში იყო, სადაც გატაცებით ხატავდა წისქვილებსა და ვაკეებს (მინდვრებს). საფრანგეთში ბრუნდება უკვე პარიზის კომუნის შემდეგ. მონე დასახლდა პარიზის გარეუბანში – არჟანტეიში, ბევრს ხატავდა მდინარე სენას ნაპირებს, აკვირდებოდა ნავებსა და მობანავეებს. ამ პეიზაჟებში პატარა მონასმებით და ფერწერული ლაქებით შესანიშნავად აქვს გადმოცემული ჰაერის ვიბრაცია და წყლის ლივლივა ზედაპირი. მონემ შესთავაზა მეგობრებს გაეკეთებინათ დამოუკიდებელი გამოფენა და 1874 წელს მოაწყო კიდეც ფოტოგრაფ ნადარის სტუდიაში. ამ მხატვრებს ეწოდათ „იმპრესიონისტები". ეს სიტყვა პირველად წამოისროლა ერთ-ერთმა რეაქციონერმა კრიტიკოსმა, როდესაც იხილა მონეს სურათი სახელწოდებით „შთაბეჭდილება მზის ამოსვლა" (მოსკოვშია), რომელიც ახალი მიმართულების ნათელი ნიმუშია, სადაც წარმოდგენილია ინტერესი თანამედროვეო-ბისადმი, ქალაქის ცხოვრები-სადმი, ხალხის მოძრაობა, ხმაური. იმპრესიონისტების გამოფენამ სკანდალური გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა ახალმა ფერწერულმა მიმართულებამ საზოგადო-ების დიდი ყურადღება მიიქცია.
1874 წელს მონე, მანე და რენუარი ერთად მუშაობდნენ არჟანტეილში. მონეს მატერიალური მდგომარეობა ისევ მძიმე იყო. დუხჭირმა ცხოვრებამ ჯანმრთელობა შეურყია მის მეუღლეს და 1879 წელს იგი გარდაიცვალა.
1880 წელს მონემ სცადა ორი ნამუშევრის სალონში გამოფენა, მაგრამ ერთ-ერთი არ მიიღეს და ამის შემდეგ პერსონალური გამოფენის ორგანიზება დაიწყო. იგი აღარ მონაწილეობდა იმპრესიონისტულ გამოფენებზე, მხატვართა ჯგუფში ერთიანობა დაირღვა. მონემ თანდათანობით მიაღწია აღიარებას. მისი ნახატები 1886 წელს ნიუ-იორკში გამოფინეს. ხოლო 1889 წელს პარიზშიც.
1890-იან წელს მონე ქმნის მთელი რიგი სურათების სერიას. ერთსა და იმავე ობიექტს ხატავს სხვადასხვა განათებისას. ძალზე საინტერესოა 50 სურათიანი სერია, რომელზედაც გამოსახულია მდინარე სენას ნაპირი, რუანის ტაძრის ხედები და სხვა. გვიანდელ ნამუშევრებში მონე ავლენს დამოუკიდებელ თავისებურ ხასიათს 1900-1904 წლებში მონე ხატავს მდინარე ტემზას ნისლით შებურულს, ვენეციურ პეიზაჟებს, სადაც გადმოსცემს, სამხრეთული ქალაქის ატმოსფეროს – თბილი ჰაერის ვიბრაციას, ცის გამოსახულებას და არქიტექ-ტურულ ძეგლებს, რომლებიც წყალში ირეკლება. აგრეთვე სენას ნაპირებს განთიადისას.
1883 წლიდან მონე ცხოვრობდა ჟივერნიში, სადაც შექმნა ფერწერული პეიზაჟები – ტბების, ხიდების, ხეივნების გამოსახულებებით. აქ შეასრულა ეტიუდები დეკორატიული პანოსათვის, რომელსაც ეწოდება „ნენიუფარები", რომელიც საბოლოოდ სახელოსნოში დაასრულა