შაბათი, 2024-12-21, 8:18 PM | RSS
www.geomxatvroba.tk
ჩემი ნახატები
დიდი მხატვრები
ვიდეო
გრაფიკა
სტენსილი
აკვარელი
ფერწერა
სვირინგი
მულტფილმები
მოგეწონათ საიტი?
Total of answers: 319

კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031


მთავარი » 2009 » დეკემბერი » 20 » ფიროსმანი ნიკო
1:57 PM
ფიროსმანი ნიკო
ნიკო ასლანის ძე ფიროსმანაშვილი დაიბადა 1862
წელს. მომავალ მხატვარს მამა ადრე გარდაეცვალა და დედის მზრუნველობის ქვეშ
იზრდებოდა. პატარა ცდილობდა დედას როგორმე შეშველებოდა და საკუთარ
პირუტყვს უვლიდა.
დილით ადრე გარეკავდა ხოლმე სოფლის მახლობლად გორებზე ძროხებსა და
ხარებს,მთელი დღე თან დასდევდა.როცა კავკასიონის მთებიდან მზე
ამოცურდებოდა,პატარა დიდხანს უყურებდა მზის სხივებით აზურმუხტებულ თოვლით
დაფარულ ალაზნის ველსა და ვერცხლისფერი ზოლივით შემოვლებულ ალაზანს,
მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს მირზაანს უცხო
სტუმრები ეწვივნენ,მათი უფროსი იყო მიწისმზომავი ალექსი. მთელი დღე
სტუმრები დადიოდნენ და ჩანახაზებს აკეთებდნენ. პატარა ნიკოც მათ
დასდევდათ, როცა მათ უბანში მივიდნენ, ნიკომ სტუმრებს თავიანთი სახლი
აჩვენა. ეზოში ტრიალებდა 14-15 წლის ახალგაზრდა ქალი. ალექსიმ ბავშვს
ჰკითხა:-ეგ გოგონა რა არის შენიო. ნიკომ დაუფიქრებლად მიუგო:-და. ალექსიმ
წყალი ითხოვა. ნიკოს დამ მარიამმა თიხის ხელადით გამოუტანა სტუმრებს
წყალი.ალექსიმ თვალი ვეღარ მოაშორა ქალსა და ამხანაგებს უთხრა:ახლა კი
დავიჯერებ ძველ ნათქვამს: "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი
შენიო." მეც ამ გოგოს ისეთ თვალზე შევხედე, რომ აუცილებლად ცოლად უნდა
შევირთოო. სტუმრებს ახლა სონა ღორაშვილი გამოეხმაურა. ალექსიმ სიმპატიურ
ქალს თავის გული გადაუშალა და შუამავლობა სთხოვა.ისიც დათანხმდა. გაჩაღდა
საქორწინო სამზადისი.პატარა ნიკო გახარებული დარბოდა, შეუყვარდა სიძე,
რომელიც ხშირად უყვებოდა ქალაქის ამბებს. ორიოდე კვირის შემდეგ კი ალექსი
მეუღლესთან ერთად თბილისში წასულა და თან პატარა ნიკოც წაუყვანია.
უფიქრია, უცხო გარემოში მარიამს ძმა რომ ახლოს ეყოლება, აღარ ინაღვლებსო.
გარდა ამისა, სადმე მდიდრის ოჯახში მივაბარებ, ზრდილობას, წერა-კითხვას
ისწავლის და კაცი დადგებაო.
მომავალი მხატვარი პირველად გაკვირვებული უყურებდა ქუჩისპირას
ჩამწკრივებულ დუქნებს, ქვაფენილით მოკირწყლულ გზებს და ქუჩებში მოსიარულე
ეტლებს. მაგრამ პატარას მალე მოენატრა თავიანთი წნულის ქოხი, ნაცარა
თხა,კრუხი და მამალი, დედის ალერსი და თანატოლებთან თამაში. უკვე ქალაქის
ცხოვრებამ ბავშვის თვალში დაკარგა მიმზიდველობა და თავის დას ხშირად
ეკითხებოდა: "აქედან საით არის მირზაანიო." დაც ცდილობდა გაერთო თავის
მეოცნებე ძმა და უყვებოდა მირზაანის,მშობლების, სოფლელი თანატოლების
ამბებს. მაგრამ ღმერთმა ნიკოსთვის ეს ბედნიერებაც შეიშურა. თბილისში
ხოლერამ იფეთქა. ავადმყოფობა მთელ ქალაქს მოედო. ერთ დღეს მარიამიც ავად
გახდა და რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა.მძიმე გახდა ნიკოსათვის ქალაქში
ყოფნა, იმ ქალაქში, სადაც მშვენიერი და დაეღუპა. რა ექნა მარტოხელად
დარჩენილ მამაკაცს, როგორ მოევლო პატარა ბავშვისათვის? ადგა და
ქალანთაროვების ოჯახში შინამოსამსახურედ დააყენა პურის ჭამაზედ. ამ
ამბავმა სოფელშიც ჩამოაღწია. ნ. ფიროსმანაშვილს ქალანთაროვების ოჯახში
სამზარეულოში მიუჩინეს ადგილი.მის მოვალეობას შეადგენდა: სამოვრის
ადუღება,წყლის მოტანა, ჭურჭლის გარეცხვა და ა.შ. ამ დროს ქალანთაროვებს
უცხოვრიათ თათრის მოედანთან ახლოს და ჰქონიათ საკუთარი სახლი.
ნიკო ქალანთაროვების ოჯახის წევრებს ყველას უყვარდა, განსაკუთრებულ პატივს
სცემდნენ. ქართული წერა-კითხვა შეასწავლა ანა ბეკოსეფოვმა. მან ასე
დაახასიათა ნიკო-"პატარა ნიკო ძალიან გონიერი ყმაწვილი იყო. მას უყვარდა
წიგნების კითხვა, ხატვა,მისგან ოთახის კედლები ნახშირით ან ფანქრით იყო მოხატული, რისთვისაც მეცა
და ჩემი უფროსი დაც უჯავრდებოდით, მაგრამ თავისას არ იშლიდა."
ამ მოგონებიდან ირკვევა,რომ ნ.ფიროსმანაშვილს ბავშობის წლებიდანვე
იზიდავდა შემოქმედებითი მუშაობა, კერძოდ, ხატვა, მოგონებაში
ვკითხულობთ:"ერთხელ ჩვენი სახლის სახურავიდან დახატა მშვენიერი სურათი:
გაღმა მდებარე მეტეხის ციხე- ეკლესია." განსაკუთრებით ხაზი აქვს გასმული
მის პატიოსნებას და უანგარობას. "ნიკო ისეთი პატიოსანი და ერთგული იყო,
რომ მას ვანდობდით მთელს ჩვენს ოჯახს,რომელიც მაშინ მდიდარი იყო. ნიკოს
ნივთიერი სიმდიდრე არ აინტერესებდა.მისთვის არსებობდა მხოლოდ ხატვა და
როდესაც კი თავისუფალი დრო ჰქონდა,ხატვაში იყო გართული."
ნიკო ფიროსმანაშვილი მათი დახასიათებით იყო თავაზიანი, ამაყი, რომ ვერავინ
ვერაფერს გაუბედავდა, სისუფთავის მოყვარული და პრინციპული. ამავე დროს იყო
შესანიშნავი დეკლამატორი. იგი ეზოს ბავშვებს ხშირად უამბობდა ზღაპრებს და
მოყოლის დროს თან ქაღალდზე ხატავდა იმ გმირებსა და დევებს, რომელთაც
ახსენებდა თხრობის დროს. ამ ოჯახში იყო განათლებული ქალი ელისაბედ
ქალანთაროვი, რომელიც ნიკოზე უფროსი ყოფილა 10 წლით. იგი ცოლად გაჰყოლია
თბილისელ მოქალაქეს ზურაბ ხანკალამოვს, რომელიც იმ დროს ბაქოში ცხოვრობდა.
ელისაბედი ბაქოდან თბილისში გადმოსულა და ახალგაზრდავე
დაქვრივებულა.ჰყოლია ერთი ვაჟი სოლომონი,რომელსაც ნიკო მეტად
ჰყვარებია.ელისაბედის დაქვრივების შემდეგ ნიკო მათთან გადასულა
საცხოვრებლად.
სოლომონს ბუთლიაშვილთან საუბარში ასე დაუხასიათებია ნიკო:"ნიკო ჩვენ
ყველას ძალიან გვიყვარდა. მართალია, ჩვენ სახლში სხვა მოსამსახურეებიც
გვყვავდა,მაგრამ ნიკო როგორც ჩვენს ნათესავების ოჯახში გაზრდილი,სხვა
მდგომარეობაში იყო ჩვენს სახლში.მას ვანდობდით ყველაფერს." მათივე
გადმოცემით ნიკოს ძალიან ჰყვარებია თეატრი,როდესაც ქალანთაროვების ოჯახის
მანდილოსნები წავიდოდნენ ხოლმე თეატრში,ნიკოც გაჰყვებოდათ, იგი ქანდარაზე
ადიოდა და იქიდან ისმენდა თურმე ოპერას. ხშირად კი სახლის ეზოშიაც
მართავდა ბავშვების ძალებით წარმოდგენებს. ნიკო რომ წამოზრდილა, მას
შეჰყვარებია ამ ოჯახის ახალგაზრდა ქვრივი ელისაბედი. შესაძლოა ელისაბედიც
თანაუგრძნობდა, მაგრამ ნიკოს ფარული სიყვარული აღარ აკმაყოფილებდა და
მოუნდომებია მისი ცოლად შერთვა.როგორც ელისაბედის შვილი სოლომონ
ხანკალამოვი იგონებს, მას შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნია
ელისაბედისათვის:"მე კარგად ვიცი, რომ ჩვენს შორის განსხვავებაა
მდგომარეობით, მაგრამ თქვენ როგორც განათლებული ადამიანი, ამას არ
მიაქცევთ დიდ ყურადღებას და მიიღებთ ჩემს წინადადებას,რათა გამომყვეთ
მეუღლეთ. გარწმუნებთ, რომ ეს არის ჩემი უფაქიზესი და გულწრფელი სიყვარული.
მე იმდენად ვარ თქვენი ოჯახიდან დავალებული,რომ ამაზე უარს არ ჰყოფთ..." მაგრამ ნიკოს სასიყვარულო ამბები
გახმაურებულა და იგი იძულებული გამხდარა ელისაბედის სახლს გასცლოდა.
ამჯერად გადასულა ელისაბედის ძმასთან ქალანთარ ქალანთაროვთან. მაგრამ
მისგან მალე წამოსულა და დაუწყია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ზრუნვა.მომავლის იმედით



ნიკო
ფიროსმანაშვილი ჯერ ქალანთაროვებთან ცხოვრების დროს გასცნობია მხატვარ
გ.ბაშინჯაღიანს.ამის შესახებ სოლომონ ხანკალამოვს მეტად საინტერესო ცნობა
მიუწვდია ვ. ბუთლიაშვილისათვის: ნ. ფიროსმანაშვილი მისულა და უჩვენებია
თავისი ნახატები გ.ბაშინჯაღიანისათვის,რომელსაც ნიკოსთვის უთქვამს:"შენ
გაქვს ხატვის ნიჭი, შენგან კარგი მხატვარი გამოვა, მხოლოდ საჭიროა, რომ
შეისწავლო ხატვაო."მოგვიანებით გიორგი ლეონიძისთვის ნიკოს მეგობარს
დიმიტრი ალუღიშვილს ჩაუწერინებია: "მე ერთს ოჯახში მზარეულად ვეყენე, ისიც
ვინმე სომხის ოჯახში ლაქიაობდა და მზარეულობდა(ნ. ფიროსმანაშვილი ამ დროს
იყო ქალანთაროვების ოჯახში-ა.მ.),გამართული "პოვარი" ვერ იყო.ხშირად
მოვიდოდა ჩემთან და მკითხავდა რჩევას საჭმელების გაკეთებაზე თუ
შენელებაზე. იმ ოჯახიდან გამოსვლის შემდეგ მხატვარ ბაშინჯაღიანთან იდგა
მოსამსახურედ, მაგრამ ნიკომ ვერ აიტანა და გამოიქცა, ბატონი თურმე ხატვას
უშლიდა და კიდეც გასჯავრებოდა."
ეს ორი ცნობა გვაფიქრებინებს,რომ ნ.
ფიროსმანაშვილს მართლაც უნდა ჰქონოდა ურთიერთობა იმ დროს თბილისში
მცხოვრებ მხატვარ გ.ბაშინჯაღიანთან. ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით
1885-1886 წლებში,როდესაც ქალანთაროვების ოჯახი მიატოვა. თუ დავაკვირდებით
გ.ბაშინჯაღიანისა და ნ.ფიროსმანაშვილის შემოქმედებას,უთუოდ დავინახავთ
შემოქმედებით შეხვედრებს. თუმცა ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. ორივეს ხომ
ქიზიყის მადლიანი მიწა ასაზრდოებდა, მათ ფანტაზიას ალაზნის ველი და
კავკასიონის ცად აწვდილი მთები ჰკვებავდა.
მხატვრობისადმი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო,რომ როგორც კი დამოუკიდებელ
ცხოვრებაში ფეხი შედგა ნ. ფიროსმანაშვილმა, პირველად ბედი მხატვრობაში
სცადა. ამ დროს თბილისში უამრავი დუქანი იყო, რომელთაც ჭირდებოდათ აბრები,
რაც მუშტრის მისაზიდად თავისებურ რეკლამას წარმოადგენდა. მედუქნეებს
სურდათ მათი დუქნების ინტერიერები, კედლები ლამაზად ყოფილიყო გაფორმებული.
ნ. ფიროსმანაშვილს ებადება აზრი სამხატვრო სახელოსნოს დაარსებისა.მისი
გადაწყვეტილება სავსებით სწორი იყო, რადგან იმ დროს თბილისში არ არსებობდა
ხელოვნების მუზეუმი, გალერეა,რომ მხატვარს თავისი ნამუშევრები გამოეფინა,
ხალხის გულამდე მიეტანა თავისი ნაფიქრ-ნააზრევი. ერთ-ერთი თავშეყრის
ადგილი იყო დუქნები, სადაც ხალხი შედიოდა და თავისუფალ დროს ატარებდა. ნ.
ფიროსმანაშვილს სწორედ ხალხი აინტერესებდა, უნდოდა მათთვის მოეთხრო მათივე
ცხოვრება,რომ მისი თვალით დაენახათ ბრძენი რუსთაველი, დიდი თამარი,
აღდგომის კრავი და გაავებული ტახი, დაჭრილი ჯარისკაცი და მათხოვარი.
საქართველოს დიდება და მისი დაცემა, ერის მომავალი.
ნ. ფიროსმანაშვილი გაეცნო გიორგი ზაზიაშვილს, რომელიც თბილისში 1868 წელს
იყო დაბადებული,მას ხატვა მამისგან ჰქონდა შესწავლილი, ნ. ფიროსმანაშვილზე
რამოდენიმე წლით უმცროსი იყო. ორივემ გადაწყვიტა თბილისში დაეარსებინათ
სამხატვრო სახელოსნო, რომელსაც გ.ზაზიაშვილი შემდეგში ასე იგონებს:
,,ნიკო 1882 წელს გავიცანი, როდესაც ნიკო ჯერ კიდევ ქალანთაროვებთან
ცხოვრობდა. მაშინვე დავმეგობრდით და გადავწყვიტეთ მხატვრობის შესწავლა და
თან სახელოსნოს გახსნა, რომ ლუკმა პური გაგვჩენოდა.თქმა იყო და შესრულება.
ერთ დღეს ყოფილ ველიამინოვის ქუჩაზე გავხსენით პატარა სახელოსნო. მალე
დარბაზში გამოჩნდა რამოდენიმე ნახატი და ერთი აბრა რომელიღაც მეთევზისა,
რომელიც დიდხანს იყო ჩვენს სახელოსნოში ფულის გადაუხდელობის და პატრონის
საიდუმლოდ გაქრობის მიზეზით.ასე მიდიოდა დღეები. ,,თავნი" უკვე
შემოგველია, საქმემ ვერ გაიმარჯვა, ამხანაგობა დაიშალა და პატარა კერა
გაცივდა."
ნ. ფიროსმანაშვილი პირველ მარცხს ვერ შეუშინებია, უფრო სწორედ, მასში
იმდენად ძლიერი ყოფილა მხატვრობისადმი სიყვარული, რომ მარცხი არაფრად
ჩაუგდია და ახალი ამხანაგი გამოუძებნია ვინმე გეზარნიძე. რაოდენ
სამწუხაროა, რომ მის შესახებ არაფერი ვიცით. ზაზიაშვილის მონათხრობიდან
ვიგებთ, რომ ეს წამოწყებაც მარცხით დამთავრებულა და ,,ერთ დღეს ნიკომ და
მისმა ამხანაგმა დამშვიდებული სინდისით აუგეს დარაბები თავიანთ სამხატვრო
სახელოსნოს."
ამჯერად მედუქნეებმაც არ გაიკარეს. მხატვარს მაგრად დაუკეტეს დუქნის
კარები. მხატვრობაში დამარცხებული ნ.ფიროსმანაშვილი ცხოვრებამ აიძულა
ვაჭრობისათვის მოეკიდა ხელი. იგივე გ.ზაზიაშვილი გადმოგვცემს:მელიქ
აზარიანცის სახლის პირდაპირ ერთი პატარა მაგიდა დადგა,ზედ ერბო, რძე,
კვერცხი, თაფლი დააწყო, ტილო გადააფარა და ვაჭრობა გააჩაღა." მაგრამ ვაი,
რომ ამჯერად ვაჭრობამაც არ გაუმართლა და მომავალმა მხატვარმა სხვა
სამუშაოს ძებნა დაიწყო.
   

ნიკო ფიროსმანაშვილი რკინიგზაზე

გასულ საუკუნეებთან შედარებით XIX საუკუნე იმითაც არის ღირსშესანიშნავი,რომ 1825 წლის 25 სექტემბერს მსოფლიოში ადამიანის სამსახურში პირველად ჩადგა რკინიგზა,რომლის გამომგონებელი იყო ინგლისელი უბრალო მუშის შვილი ჯორჯ სტეფენსონი. რკინიგზის სიკეთე მალე ყველასათვის გახდა ცნობილი და ამავე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოშიც დაიწყო მისი მშენებლობა.
1865 წელს საძირკველი ჩაეყარა ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობას. 1871 წელს უკვე ექსპლოატაციაში შედის ფოთი-ყვირილას უბანი. ხოლო ერთი წლის შემდეგ მთავრდება აღნიშნული გზის მშენებლობა თბილისამდე.
1883 წელს ბაქო რკინიგზით უკავშირდება ბათუმს, რამაც ხელი შეუწყო ბაქოს ნავთის მსოფლიო ბაზარზე გატანას.
ამავე წელს თბილისში იხსნება რკინიგზის სახელოსნოები, რაც ხელს უწყობს საქართველოში რკინიგზის მშენებლობას.
მხატვრობასა და ვაჭრობაში ,, დამარცხებული" ნიკო ფიროსმანაშვილი იძულებული გამხდარა მუშაობა დაეწყო რკინიგზაზე.ამის შესახებ პირველი ცნობა ეკუთვნის ანა ბეკოსოფოვას. ,,როდესაც ნიკო კარგად დავაჟკაცდა, მაშინ იგი რკინიგზაზე შევიდა კონდუქტორად." 1930 წელს გ. ლეონიძესთან საუბარში ნიკო ფიროსმანაშვილის მეგობარმა დიმიტრი ალუღიშვილმა განაცხადა: ,,...რკინიგზაში შევიდა...ჯერ შიკრიკად იყო რკინიგზის გზათა სამმართველოში,მერე საქონლის მატარებლის კონდუქტორად განჯის მხარეში." ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მხატვარი რომელ წელს შევიდა ამ სამსახურში.საინტერესო საარქივო დოკუმენტს მიაკვლია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა მამია ჩორგოლაშვილმა.ამ მიკვლეული მასალებით მტკიცდება, რომ ნიკო ფიროსმანაშვილი 1888 წელს უკვე რკინიგზაზე მსახურობდა და ა.წ. 28 დეკემბრის ბრძანებით ,,უკიდურესი ეხეშობისათვის" ამიერკავკასიის რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისა და წევის სამსახურის დარაჯი ნიკო ფიროსმანაშვილი 17 ნოემბრიდან გაუნთავისუფლებიათ სამსახურიდან." მაგრამ შემდგომში მაინც ისევ რკინიგზაზე იწყებს მუშაობას:1890 წლის14 აპრილს (თარიღი ყველგან ძველი სტილითაა მოტანილი) ნიკო ასლანის ძე ფიროსმანაშვილს გაუვლია შემოწმება და შეუვსია ანკეტა,რომელშიც ჩაუწერია: ,,ეროვნებით ქართველი, 28 წლისა, ჯანმრთელი, სამუშაოდ ვარგისი"...ხოლო იმავე წლის 17 აპრილს გაუცვნიათ მისთვის რკინიგზაზე არსებული წესი და ხელწერილიც ჩამოურთმევიათ. რაც სტამბური წესით არის დაბეჭდილი და ხელს აწერს ნ. ფიროსმანაშვილი. ,,ვაძლევ ამ ხელწერილს ამიერკავკასიის რკინიგზის საზოგადოების სამმართველოს მასზე, რომ მივიღე ინსტრუქცია. რაც შეეხება ჩემს მოვალეობას, ამასთან ერთად განმემარტა მისი ყველა პუნქტი და ვალდებული ვარ დავემორჩილო სამსახურთან დაკავშირებულ ფულად გადასახადებს, რაც დაკისრებული მექნება რკინიგზის უფროსისაგან."
18 აპრილს კი შეუვსიათ ფორმალური ნუსხა, რომელშიც ვკითხულობთ: ,,სარწმუნოებით მართლმადიდებელი, რუსეთის ქვეშევრდომი, წოდებით გლეხი..." იმავე დღიდან დაუწყია მუშაობა. ჯერ სადგურ მიხაილოვოში(ხაშური),ხოლო 1890 წლის 14 ოქტომბერს გადაუყვანიათ სადგურ ელისავეტპოლში(კიროვაბადი) სატვირთო მატარებლის მემუხრუჭე კონდუქტორად.
რკინიგზაზე არსებულ მკაცრ რეჟიმს, ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებს მხატვრის ჯანმრთელობა შეურყევია.ნ. ფიროსმანაშვილი ცდილობს როგორმე სამუშაოდ გადავიდეს თბილისში, ან ადგილზევე გაიუმჯობესოს პირობები. ამ მიზნით ელისავეტოპოლის სადგურის უფროსის სახელზე 1891 წლის 6 მაისს დაუწერია თხოვნა. ...ნიკოს თხოვნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მისი მდგომარეობა არაფრით გაუმჯობესებულა.ერთი წლის შემდეგ 1892წლის 18 აპრილს ელისავეტოპოლის სადგურის უფროსის სახელზე კვლავ დაუწერია თხოვნა, ამჯერად ერთი თვით შვებულებას ითხოვდა.
,,მაქვს პატივი ვითხოვო თქვენი შეწყალება ბ. მოძრაობის სამსახურის უფროსის წინაშე ერთი თვით შვებულების ნებართვის შესახებ ოჯახური მდგომარეობის გამო..."
მოძრაობის უფროსმა მაინც მისი ვედრება უყურადღებოდ დატოვა.
მაგრამ ფიროსმანაშვილი არ ცხრება,იმავე წელს 9 მაისს განმეორებით წერს თითქმის ანალოგიურ ,,თხოვნას". მაგრამ ამჯერადაც შედეგი არ მოჰყოლია.
ორი წლის დაძაბული მუშაობის შემდეგ მხატვარს ჯანმრთელობა სერიოზულად შერყევია.იგი იძულებული გამხდარა ი.წ.12 მაისს კვლავ ,,შეაწუხოს" ელისავეტოპოლის სადგურის უფროსი. იმედი ამჟამადაც იმედადვე დარჩა და იგი თბილისში არავის გადაუყვანია.
1892 წლის 15 დეკემბერს მხატვარმა იმავე სადგურის უფროსს კვლავ მიმართა თხოვნით ორდდღიანი შვებულების შესახებ. ,,მეტად აუცილებელი მდგომარეობის გამო", ამასთან ერთად ითხოვდა თბილისამდე ბილეთსაც.
ელისავეტოპოლის სადგურის უფროსს სამი დღის შემდეგ წაუწერია: ,,კონდუქტორ ფიროსმანაშვილის თხოვნას ვურდგენ მოძრაობის უფროსს განკარგულებისათვის და ვთხოვ,არ ეთქვას უარი ორდღიან შვებულებაზე".
მოძრაობის უფროსიც დათანხმებულა და სადგურის უფროსს შეუტყობინებია: ,,მოძრაობის კანტორა ამით გატყობინებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი შვებულება კონდუქტორ ნიკოლოზ ფიროსმანაშვილისათვის ნებადართულია ორი დღით.სამგზავრო ბილეთიც გაეცით სადგურის წიგნაკიდან."
ნ. ფიროსმანაშვილის ორწლიანი წვალება დამთავრდა იმით, რომ მიიღო ორდღიანი შვებულება და თბილისამდე ბილეთი.
ნ. ფიროსმანაშვილს ჯანმრთელობა დაძაბული მუშაობის შედეგად შერყევია,ჯანმრთელობის აღსადგენად საჭირო ყოფილა ხანგრძლივი მკურნალობა და დასვენება, მართლაც ექიმების რჩევით მხატვარს მოუთხოვია 60 დღიანი შვებულება და გადაუწყვეტია სამკურნალოდ წასვლა. უფულობის გამო ნ. ფიროსმანაშვილს მოუთხოვია ერთდროული დახმარება 150 მანეთის ოდენობით.
ნ. ფიროსმანაშვილმა ისარგებლა 60 დღიანი შვებულებით და დიდი წვალებით მოახერხა სამკურნალოდ წასვლა.
შემდგომ პერიოდში ნ. ფიროსმანაშვილი ისევ ავადმყოფობს და ითხოვს სამსახურიდან გათავისუფლებას. თხოვნა დააკმაყოფილეს. მაგრამ ბუნდოვნად დარჩა მიიღო თუ არა ერთდროული დახმარება 150 მანეთი.
პირად საქმეში ინახება ერთი ფურცელი, რომელზედაც წერია: ,,კონდუქტორ ფიროსმანაშვილის დახმარების შესახებ...შემდეგ ვკითხულობთ: ,,საბჭო1893 წ.№132." რაც ხაზგასმულია, ხაზის ქვემოთ კი სწერია ,,45 მან. განთავისუფლების გამო." ვფიქრობთ, ეს არის ანგარიშსწორება და არა დახმარება.
სამართლიანად შენიშნავს თეიმურაზ ქრისტინაშვილი : ,,...რომ ნ. ფიროსმანაშვილმა ნამდვილად მიიღო დახმარება!" ამ აზრს ისიც აძლიერებს, რომ 1930 წელს გ. ლეონიძეს დიმიტრი ალუღიშვილმა ჩააწერინა, რომ რკინიგზაზე მუშაობის დროს ,, ავად გახდა და სამსახურს თავი დაანება. იქიდან გამოსვლის დროს დახმარება მიიღო, იშოვნა სათავნო ფული..."
ნიკო ფიროსმანაშვილი რკინიგზაზე მუშაობის დროსაც არ ღალატობდა მხატვრობას და დიდი გატაცებით ხატავდა რკინიგზელთა პორტრეტებს.
  

თვითრჯული

1893 წელს ნიკო ფიროსმანაშვილმა მიატოვა რკინიგზა. მიიღო დახმარების
ფული. დაბრუნდა თბილისში, ისევ ვერის დაღმართზე გახსნა სავაჭრო დუქანი და
რძის ნაწარმით დაიწყო ვაჭრობა. ორი წელი ივაჭრა, საქმე კარგად მიდის,
მაგრამ გული მაინც ვაჭრობისათვის ვერ დაუდვია. ცოტაოდენი ფულიც იშოვა,
სოფელშიც ხშირად მიდის, თავის მახლობლებს ნახულობს. სახლის მშენებლობაც
გადაწყვეტილი აქვს, უნდა ახალი სახლი ააშენოს. დიდი კაკალი მოჭრა და
მაღაროელ ხელოსნებს დაახერხინა კარ-ფანჯრისთვის, დახერხილი მასალა თვითონ
დააწყო სიმშრალეში გასაშრობად. დას უხარია, სახლს ააშენებს და დაინიშნება,
ცოლს მოიყვანს. თბილისიდან ისე არ ჩამოვა, რომ დას და დისშვილებს
საჩუქრები არ ჩამოუტანოს. ხედავს, რომ მის დედმამისშვილს უჭირს, ქმარიც
ვერა ჰყავს გამრჯე. ნიკო ფიროსმანაშვილმა დას საკერავი მანქანა უყიდა
საჩუქრად, მისმა დამ ხომ მშვენიერი ხელსაქმე იცის და სულ შენატროდა, ვისაც
საკერავი მანქანა ჰქონდა...

დისშვილები წამოიზარდნენ, მათაც დახმარება უნდათ. ფეფეს დედის ხასიათი
დაჰყვა, დღე და ღამე უნდა იშრომოს, მაგრამ ქმარი...
კალოობის დროს ნიკო ჩამოდის და დას ყანის მომკაში შველის... დუქანში
მარტოა და მისი მიტოვებაც უმძიმს... იფიქრა და გადაწყვიტა, გაიამხანაგოს
მირზაანელი დიმიტრი ალუღიშვილი, რომელსაც კარგა ხანია იცნობს. თბილისში
ცხოვრობს. დიმიტრის მეტად სათნო და გულთბილი მეუღლე ჰყავს. ჯერ კიდევ
რკინიგზაზე რომ მუშაობდა, მაშინაც მოინახულებდა ხოლმე, ბროწეულებს
მიართმევდა. მასაც ყოველთვის სიამოვნებდა ნიკოს მისვლა და აი, დიმიტრი და
ნიკო გაამხანაგდნენ...
1930 წლის 28 მარტს დიმიტრი ალუღიშვილს შეხვდა გიორგი ლეონიძე, რომელსაც
დიდი ძებნის შემდეგ, ანჩისხატთან ახლოს, ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაში კოლოფისტოლა
დუქანში მიაგნო. დიმიტრი მართალია ამ დროს უკვე გაკოტრებული იყო, მაგრამ
ვაჭრობისითვის თავი არ ჰქონდა დანებებული,. ფიროსმანაშვილის ცხოვრებით
დაინტერესებულ პოეტს მხატვრის მეტად საინტერესო მოგონება ჩააწერინა. დ.
ალუღიშვილის მოგონებიდან ვიგებთ, რომ ნ. ფიროსმანაშვილს რკინიგზიდან
გათავისუფლების შემდეგ მიუღია დახმარება, სათავნო ფული უშოვია,
მელიქ-კაზარიანცის სახლის პირდაპირ დუქანი გაუხსნია და რძის ნაწარმით
დაუწყია ვაჭრობა. ეს რომ სინადვილეს შეეფერება, მას 1926 წელს ადასტურებს
ელისაბედ ქალანთაროვას ვაჟი სოლომონიც. 1890 წელს სოლომონ ხანკალამოვი
პეტერბურგში, სამხედრო სასწავლებელში გააგზავნეს. რამოდენიმე წლის შემდეგ,
როდესაც იქიდან დაბრუნდა, მას ჯერ 1892 წელს მხატვარი ესტუმრა, როდესაც
მხატვარს დუქანი გაუხსნია, სოლომონიც მისულა მასთან... ,, ნიკოს ჰქონდა
პატარა სარძევე სავაჭრო, ყოფილი ოლღას ქუჩაზედ, მელიქ- კაზარიანცის სახლის
პირდაპირ. მე მივედი მასთან სანახავად, ვკითხე მისი ვაჭრობის საქმის
შესახებ. ნიკომ გულკეთილად გაიღიმა და მომიგო :„- რა ვქნა სოლიკოჯან,
ყველას ნისიად მიაქვს და მე აღარა მრჩება, რაო!"
დ. ალუღიშვილის მოგონებიდან დასტურდება, რომ პირველად ნ. ფიროსმანაშვილს
გაუხსნია დუქანი, ორი წელი მარტოს უვაჭრია,საქმეც კარგად წასულა, შემდეგ
თავის დუქანი ,,იარმუკაში" გადაუტანია და დიმიტრიც გაუამხანაგებია. ამის
შესახებ თვითონ დ. ალუღიშვილი წერს: ,,...სარძეო დუქანი გახსნა ვერის
თავდაღმართზე (სადაც დღეს მელიქ -კაზარიანის სახლია),ორ წელიწადს
ივაჭრა.საქმე კარგად წაუვიდა.
ერთ დღეს ჩემთან შემოვიდა და შემეკითხა, ,,იარმუშკაში" დუქანი უნდა
გავხსნა, შენ რას იტყვიო? მე გადმოსვლა ვურჩიე. ლაპარაკი ლაპარაკს შეჰყვა.
მეც თვალში მომივიდა და ორივემ შეამხანაგება გადავწყვიტეთ."
დ. ალუღიშვილი დახლში მდგარა და უშუალოდ ვაჭრობდა თურმე: ,,მე, როგორც
თავგზიანი, დახლში ვიდექი. თითონ ის ან კარებთან იდგა აყუდებული, ან
ბალახანაში ჰხატავდა. მოიყვანდა რომელიმე მეზობელს, დააყენებდა, ეტყოდა:
-მოდი, ისე დაგხატო"...

საუბრის დროს დ. ალუღიშვილის მეუღლეც შემოსულა, რომელმაც თავის გადმოცემით
ნ.ფიროსმანაშვილის მეტად მშვენიერი პორტრეტი შექმნა:
,,რა მშვენიერი ვაჟკაცი იყო?-ჯანიანი.ზღვის ლერწამივით მოსული... ქალი არ
იქნებოდა ისეთი ლამაზი, როგორც ახალგაზრდობაში მახსოვს.ტუჩ ნაპობი; ტანის
მოყვანილობა, ყელყური, სახე მშვენიერი... დუქნის გახსნამდე ჩოხა ეცვა,
მერე რუსულად..."
დიმიტრიმ იგი დაიახლოვა და ბავშვიც მოანათვლინა. ვაჭრობაც კარგად მიდიოდა.
მუშტარიც ეტანებოდათ. გასაყიდად ყოველთვის ჰქონდათ ყველი,კარაქი, ერბო,
მაწონი, თაფლი. ,,დიდკაცების მზარეულები სულ ჩვენთან ვაჭრობდნენ-ჩვენი
ნაცნობები და მეგობრები იყვნენ."
ნიკო ფიროსმანაშვილი ,,ორ ვირის საპალნე მწვანე ბალახს იყიდდა, აიტანდა
დუქნის თავზე საკუთარ ,,ბალახანაში", გაიშლიდა და გამოეხვეოდა:
-სოფელში რომ ვერ მივდივარ, ეს მეამებაო!"
-დუქანსაც ეამებოდა?-- გაკვირვებული კითხულობს დ. ალუღიშვილი, ნიკო
ფიროსმანაშვილი ვაჭრად არ იყო დაბადებული, ამიტომ ,,ვაჭრობაც ეზარებოდა და
კიდეც თაკილობდა."
ნიკოს მეტად მოსწონდა დ. ალუღიშვილის მშვენიერი, გულკეთილი მეუღლე, ხშირად წაიყვანდა ხოლმე თავისი ნახატების სანახავად:
,,-ნათლიდედ, მოდი ჩემს ნახატებს უყურე"... ეტყოდა თურმე.
,,-თითონ ოჯახი არა ჰყავდა, არც სხვისა მოსწონდა!"-იძახის დიმიტრი,-ერთხელ, შინ არ ვიყავი, ჩემი ცოლისთვის ეთქვა:
-,,თავი გაანებე დიმიტრის, სხვასთან გღალატობს."
ნოკო ფიროსმანაშვილი ვაჭრად არ იყო დაბადებული, მერე დიმიტრისაც ვერ
შეეგუა, იძულებული გახდა და მიატოვა. მაგრამ დიმიტრის მშვენიერი მეუღლე
მაინც დახატა ,,ტახტზე წამოწოლილი ლეჩაქიანი ქართველი ქალი."
აღსარებასავით მიაწერა:
,,აბა მნახეთ რა დღეში ვარ კიდევ გაუმარჯოს კეთილ ხალხს."
დიმიტრი ალუღიშვილს ვერაფერი გაუგია, რა ხდება მხატვრის აბობოქრებულ გულში
და ხან ,,ტვინდასეტყვილად" ეჩვენება, ხან ,,თვითრჯულად" და როცა ნიკო
ჩამოშორდა, დიმიტრი გაკვირვებული აცხადებს: ,,მაშინ იყო, რომ მხატვრობის
ალი მოედო..." ნ. ფიროსმანაშვილმა კი დუქანიც მიატოვა და დაანება თავი
ვაჭრობას და შეუდგა გოლგოთას... რაც უნდა მომხდარიყო 1904 წელს
                                                           
მარგარიტა
მარგარიტა

ნიკო ფიროსმანაშვილს დახატული ჰყავს ახალგაზრდა
ქალი, რომელზეც მხატვარს რუსულად მიუწერია: ,,აქტრისა მარგარიტა".
მარგარიტას შესახებ მრავალი ლეგენდა შეიქმნა. მის შესახებ მწერლები წერენ
მოთხრობებს, პოეტები ლექსებს, კომპოზიტორები ჰქმნიან სიმღერებს.
გადმოცემით მარგარიტა ფრანგი ყოფილა.1905 წელს ჩამოსულა საქართველოში და
შეხვედრია ნიკო ფიროსმანაშვილს, რომელიც მოხიბლულა ფრანგი ქალით და ზღვა
ყვავილები მიურთმევია. ეს ამბავი მხატვრის სიცოცხლეშივე გახმაურებულა,
ქალაქიდან სოფელში ჩაუღწევია და1922 წელს ქართველი მწერლისათვის, შალვა
დადიანისათვის მირზაანში სიმონ გრიგორის ძე პოპიაშვილს უთქვამს: ,,ოჯახი
არა ჰყოლია. ერთ ფრანგის ქალს ჰყვარობდა, მგონი ერთი წლის
განმავლობაში!..." ხოლო იგივე დადიანისათვის ნ.ფიროსმანაშვილის დას ფეფეს
ჩაუწერინებია: ,,ოჯახი არასოდეს ჰყოლია, გამიგია რომ საყვარელი ჰყავდა..."
ვინ იყო ის ფრანგი ქალი, რომელიც მხატვრის გატაცება გახდა და ნიკომაც მისი
სახე ტილოზე უკვდავყო. ამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით.
ნ. ფიროსმანაშვილის თაყვანისმცემელს კ. ზდანევიჩს ეს ამბავი წიგნში ,,ნიკო
ფიროსმანაშვილი" ასე აქვს გადმოცემული: ,,კაფე-შანტანის
მომღერალ-მოცეკვავე ქალთან შეხვედრამდე ნიკომ არ იცოდა რა იყო სიყვარული.
მუშტაიდის ბაღში, ბრწყინვალედ განათებულ სცენაზე მხიარული მუსიკის
ხმაურში, აღტაცებული მაყურებლის წინაშე წარსდგა მშვენიერი და მომხიბლავი
ფრანგი ქალი მადმუაზელ მარგარიტა, რომელიც ასრულებდა პარიზის მხიარულ
სიმღერებს... ნიკო დატყვევებული იჯდა და თვალს ვერ აშორებდა...
ნიკოს ბედნიერებას თითქოს საზღვარი არ უჩანდა, მან მთელი თავისი დაგროვილი
ქონება საყვარელ ქალს მიუძღვნა. მარგარიტამ გაიგო, რომ თავადი კი არ იყო,
არამედ უბრალო და რაც ჰქონდა ყველაფერი მას მისცა... ერთ დღესაც უთხრეს,
რომ მარგარიტა პარიზში გაემგზავრა."
რუს მწერალს კონსტანტინე პაუსტოვსკის ეს ამბავი ასე აქვს აღწერილი:
,,ურმები პირთამდე სავსე იყო მოჭედილი და წყალნაპკური ყვავილებით,
გეგონებათ დილის ნამი ასობით ნამცეცა ცისარტყელას დაუფარავსო.
ურმები მარგარიტას სახლთან გაჩერდნენ. მეურმეებმა ხმადაბლა გადაულაპარაკეს
ერთმანეთს და დაიწყო ტვირთის ჩამოღება ჭიშკრის წინ ტროტუარზე და
ქვაფენილზე დაყრა..."
დიახ, ამ ურმებით მოტანილი ყვავილები ნიკო ფიროსმანაშვილს ეკუთვნოდა,
რომელიც მარგარიტას მიუძღვნა. ზღაპარი და სინამდვილე ისეა ერთმეორესთან
შეზრდილი, რომ შეიძლება ადამიანს ლეგენდა სინამდვილედ მოეჩვენოს და
სინამდვილე ლეგენდად.
ერთი კი ფაქტია,რომ მართლაც სინამდვილეში არსებობდა ფრანგი ქალი
მარგარიტა, რომელიც საქართველოში ჩამოსულა1905 წელს და გაუმართავს
კონცერტები. ეს ის პერიოდია, როცა ნიკომ მიატოვა დ.ალუღიშილი, ჯერ კიდევ
ჰქონდა კარგი ტანსაცმელი, ოქროს საათი და მცირეოდენი შესაძლებლობა. ნიკო
რომ სინამდვილეში ყოფილა მარგარიტათი დაინტერესებული, ეს იქიდანაც ჩანს,
რომ ქალაქად და სოფლად გვრცელებულა ხმა ნიკოს უცნაური სიყვარულის შესახებ
და ამ სიყვარულს უკვალოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამ შთაგონებით შექმნა ნიკომ
შესანიშნავი პორტრეტი
   


კატეგორია: დიდი მხატვრები | ნანახია: 3130 | დაამატა: geofresh | რეიტინგი: 3.8/5
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0